logo
ENG



"არა ოკუპანტის ამნისტიას" -  გავრილოვის ღამის დაზარალებულები 20 ივნისს აქციას გამართავენ

20 მაი 202111:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/20/za3t513k37x4a5q.jpg

გავრილოვის ღამეს დაზარალებული მოქალაქეები 20 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქციას აანონსებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

20 ივნისს დაზარალებულები მოქალაქეებს აქციის ორგანიზების პროცესში ჩართვისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში ასევე საუბარია პარლამენტში მიერ ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტებზე და აღნიშნულია, რომ "20 ივნისი ვერ გადაიწერება".

„2021 წლის 20 ივნისს ორი წელი გადის ანტისაოკუპაციო აქციიდან, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის შემლახველ ფაქტს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩაჯდომას მოჰყვა.

ეს აქცია სასტიკად იქნა დარბეული  ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ უკანონო ბრძანების საფუძველზე. ეროვნული ღირსების დამცველ და ოკუპანტის გამგდებ მშვიდობიან დემონსტრანტებს საათების მანძილზე გამიზნულად ასახიჩრებდნენ, თხრიდნენ თვალებს და აყენებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ დაზიანებებს.

დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი, რომელიც ამ გამოუძიებელ დანაშაულებრივ ფაქტზე ამნისტიას აცხადებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწორედ 20 ივნისს აქციაზე პატრიოტული მოტივით მდგარმა დემონსტრანტებმა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველა პოლიტიკურ ძალას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ 20 ივნისი ვერ გადაიწერება, აქციის დარბევა ოკუპანტის საამებლად არავის შერჩება!

არა ოკუპანტის ამნისტიას!  20 ივნისს 18:00 საათზე 20 ივნისს დაშავებული და უკანონოდ დაკავებული ადამიანები გელოდებით პარლამენტთან.

მოვუწოდებთ აქტიურ სამოქალაქო ჯგუფებს აქციის ორგანიზების პროცესში ჩართვისკენ და თანაშრომლობისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი , რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.
პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს. 

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.


close დახურვა